იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ

იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ

აბდულლაჰ იბნ უმარისგან, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, გადმოცემულია: «ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცავა და მშვიდობა მას) მე მხარზე ხელი დამადო და მითხრა: «იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ». აბდულლაჰ იბნ უმარი, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, აგრძელებს: «როცა საღამო მოვა, ნუ ელოდები დილას, ხოლო როცა დილა მოვა, ნუ ელოდები საღამოს. ისარგებლე შენი ჯანმრთელობით, სანამ სნეულება არ დაგეწევა, და შენი სიცოცხლით, სანამ სიკვდილი არ მოგისწრებს».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ]

الشرح

აბდულლაჰ იბნ უმარი, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მხარზე ხელი დაადო — მხრისა და წინამხრის შეერთების ადგილზე — და უთხრა: "იყავი ამქვეყნად, როგორც უცხოელი". ეს ნიშნავს, რომ უცხოელი შეიძლება ჩავიდეს ქალაქში, სადაც მას არ აქვს საკუთარი სახლი თავშესაფრად და არც მაცხოვრებლები, რომლებიც მას დაამშვიდებენ. იგი თავისუფალია ოჯახური და მატერიალური მიჯაჭვულობებისგან, რომლებიც ყურადღებას აშორებენ შემოქმედს. მაგრამ უფრო მეტი სიფრთხილე მოითხოვე საკუთარ თავს, ვიდრე უცხოელს, როგორც მოგზაურს, რომელიც გზას კვეთს და მიისწრაფვის საკუთარი სახლისკენ. რადგან უცხოელი შესაძლოა დარჩეს უცხო ქვეყანაში და იქ დასახლდეს, განსხვავებით მოგზაურისგან, რომელიც გარკვეულ მიზანს ესწრაფვის. მოგზაური ცდილობს შეამციროს თავისი ბარგი, არ გაჩერდეს გზაში და რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს საკუთარ სახლს. ისევე, როგორც მოგზაურს არ სჭირდება იმაზე მეტი, რაც მას თავისი მოგზაურობის მიზნის მისაღწევად დაეხმარება, ასევე მორწმუნეს არ სჭირდება ამ ცხოვრებაში იმაზე მეტი, რაც მას საბოლოო დანიშნულების ადგილამდე — სამოთხემდე — მიიყვანს. იბნ უმარი ამ დარიგებას მიჰყვებოდა და ამბობდა: «როცა დილა მოვა, ნუ ელოდები საღამოს, ხოლო როცა საღამო მოვა, ნუ დაელოდები დილას. მიიჩნიე თავი საფლავის ბინადართა შორის». ეს იმიტომ, რომ ცხოვრება მუდმივად იცვლება ჯანმრთელობასა და ავადმყოფობას შორის. ამიტომ, იჩქარე, რომ გამოიყენო ჯანმრთელობის დღეები ალლაჰისადმი თაყვანისცემისთვის, სანამ სნეულება დაგეწევა. ისარგებლე შესაძლებლობით, რომ შეასრულო კეთილი საქმეები, სანამ ჯანმრთელი ხარ, რადგან ავადმყოფობა შეიძლება გახდეს დაბრკოლება შენსა და ამ საქმეებს შორის. გამოიყენე შენი ცხოვრება ამქვეყნად, რათა შეაგროვო ის, რაც სიკვდილის შემდეგ სარგებელს მოგიტანს.

فوائد الحديث

მასწავლებელი დებს ხელს მოსწავლის მხარზე სწავლების პროცესში, რათა შექმნას მეგობრული ატმოსფერო და მიიპყროს მისი ყურადღება.

დაწყება რჩევისა და დარიგების მიცემით მათ, ვინც თვითონ არ ითხოვს ამას.

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შესანიშნავი სასწავლო მეთოდი გამოიხატებოდა დამაჯერებელი მაგალითების მოყვანაში, როგორც მისი სიტყვები: "იყავი ამქვეყნად, თითქოს უცხოელი ან მოგზაური".

ადამიანები განსხვავდებიან თავიანთ მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე: მოგზაური უფრო მაღალ მდგომარეობას იკავებს ასკეტიზმში, ვიდრე უცხოელი.

ამქვეყნიური იმედების სიმოკლის განმარტება და მუდმივი მზადყოფნის საჭიროება სიკვდილისთვის.

ჰადისი არ მოუწოდებს საარსებო საშუალებების სრულად მიტოვებას ან ამქვეყნიური სიამოვნებების აკრძალვას, არამედ მოუწოდებს თავშეკავებასა და მათი გამოყენების შეზღუდვას.

სწრაფვა მართალი საქმეების შესრულებისკენ მანამ, სანამ ავადმყოფობა ან სიკვდილი არ წაგვართმევს ამ შესაძლებლობას.

აბდულლაჰ იბნ უმარის, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, ღირსება მდგომარეობს იმაში, რომ მან ღრმად შეითვისა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს დარიგება.

მორწმუნეთა სამშობლო სამოთხეა და ამიტომაც, ისინი უცხოელები არიან ამქვეყნად და მოგზაურობენ საიქიოსკენ. მათი გული არ მიეჯაჭვოს ამ უცხო ქვეყანას, არამედ მიამაგროს თავის სამშობლოს, სადაც უკან დაბრუნება სურთ. ამქვეყნად მათი ყოფნა მხოლოდ იმისთვისაა, რომ უზრუნველყონ თავიანთი საჭიროებები და მოემზადონ სამშობლოში დაბრუნებისთვის.

التصنيفات

სულების გაწმენდა